შალვას ჩანაწერები
2017 წლის სეზონის სამზადისი
რა თქმა უნდა, კარგი მეთევზე ახალი სეზონისთვის სამზადისს იწყებს ჯერ კიდევ წინა წელს. ჩვენც ზამთრიდანვე დავიწყეთ საჭირო ნივთებისა თუ აქსესუარების მომარაგება. ეს პერიოდი ძალიან კარგია საყიდლებისთვის, დრო მეტი გაქვს სასაუბროთ გუნდელებთან, სწორი არჩევანის გასაკეთებლად. ამასთანავე მაღაზიებშიც სერიოზულ ფასდაკლებებს აცხედებენ-ხოლმე. გიომ ახალი პლატფორმა ააწყო, აღკაზმულობა („აბვესი“) შეავსო. პაატამ ფლაგმანის სერიოზული სავარძელი შეიძინა, საკმაოდ დახვეწილი და კომფორტული. მეც განვაახლე რამდენიმე ნივთი ჩემს პირად შეიარაღებაში. ასევე გუნდურად ტურნირებისთვის გამოვიწერეთ სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ნემსკავები, სადავეები, ესენიც მხოლოდ ტურებისათვის. ადრიდანვე დავიწყეთ ფიქრი კოორდინატორის დამატებაზე, რომელსაც ფრთები შევასხით უკვე გაზაფხულზე, მგრამ ამაზე ცოტა მოგვინებით.
თუმცა რა მოხდა? მოხდა ის, რომ, მიუხედავად ამხელა სამზადისისა, ჩემი გუნდი დადგა საშიშროების წინაშე, ვეღარ გამოსულიყო შეჯიბრებებში 2017 წელს. თებერვალში სატურნირო კალენდრის გამოქვეყნებას მოჰყვა, ის რაც მოჰყვა... 2 დღიან ტურებზე დასწრებას ფიზიკურად ვეღარ მოვახერხებდით. პაატას ჰქონდა სამსახურეობრივი შემოთავაზება, სადაც შაბათ-კვირას უფრო დაიტვირთებოდა, ასევე მცირე პრობლემები ჰქონდა გიორგისაც. დავიწყე ფიქრი, თუ როგორ მომეგვარებინა ეს საკითხი, გუნდელების გულისტკივილი აშკარა იყო ჩემთვისაც. არავის არ გვსურდა ტურნირების მიტოვება. დავიწყე სპონსორის ძიება, ვინც დააფინანსებდა ორ რამეს: 4 სარეიტინგო ტურნირზე გუნდის ტრანსპორტირებას და რეგისტრაციის თანხებს. ეს დიდი შვება იქნებოდა ჩვენთვის. მივმართე რამდენიმე მაღაზიას გარკვეული ორმხრივი (და არა ცალმხრივი!) ვალდებულებებით, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ბოლოს ისევ გიორგიმ გვიშველა. ეს რა ბიჭი მყავს გუნდში! მოკლედ, გიომ თავის კომპანიაში დააწყებინა პაატას მუშაობა. „დააწყებინა“ ცუდი ტერმინია, ოფიციალურად მოუწია ვაკანსიისთვის ყველა საჭირო ეტაპის გავლა, რასაც პაატა მშვენივრად გაუმკლავდა. მაგათ კიდევ უფროსი ჰყავთ თევზაობის მაგარი მოყვარული და დანარჩენს კიდევ თქვენ თვითონვე მიხვდებით... მოკლედ, აი, ასეე J)) ჩვენი ცხოვრება, სამუშაო, ავტომობილები, შემოსავალი და რავი კიდევ რამდენი რამ, მოვარგეთ ფიდერს, ტურნირებს, წყალსაცავების ტალახიან და გრუნტიან გზებს და იმ ყველაფერს, რის გარეშეც აღარ შეგვიძლია სიცოცხლე J)) გუნდი Team NGF დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონტის პირველ ტურზე, რომელიც კუმისზე უნდა გამართულიყო.
წინასატურნირო ვარჯიშები
ჩვენს ფორუმზე კუმისის თემა ამ ტბისთვის ცუდი ამბებით დაიწყო. საუბარია უჟანგაბოდიბით დახოცილ ტონობით სქელშუბლაზე. არადა ამ მოვლენებამდე 4-5 დღით ადრე პირადად ვიყავი კუმისზე, ვითევზავე და არაფერი შემიმჩნევია.
კუმისზე ჩემს მისვლას რაც შეეხება, ეს იყო ზამთრის შემდეგ პირველი გასვლა. მშრალზე არ წამოვსულვარ, 1 კარჩხანა დავიჭირე სიფთად, მაგრამ ეს უფრო შემთხვევითობა იყო, ვიდრე შეგნებულად დაჭერილი. ეს მოხდა პირველ აპრილს. რამდენიმე დღეში, მახსოვს, მახოც ავიდა და იმასაც ნული ჰქონდა შედეგი. თევზი კუმისზე ჯერ-ჯერობით არ აქტიურობდა.
მეორედ ავედი 15 აპრილს. დასაკვები უკვე გუნდურად გადავწყვიტეთ რა და როგორ. გვქონდა ორი დავალება: ერთმანეთისთვის შეგვედარებინა სხვადასხვა დასაკვები და გვეპოვა უკეთესი ვარიანტი და მეორე თევზის ჭერის ტემპი.
თევზაობა გამომივიდა 2 საათი და კმაყოფილი დავრჩი ძალიან. ტემპერატურა დილით იყო 16 გრადუსი, მზე ხან გამოიჭყიტებოდა... ხან დაიმალებოდა... ქარი იყო თავიდან 3 მ/წმ, მერე მოიმატა და გახდა 6მ/წმ.
რაც შეეხება შედეგს: ვიჯექი ა ზონის ბოლო სექტორებისკენ. სპეციალურად შევარჩიე ოდნავ ლელებიანი ადგილი (ტურნირზე რომ შემხვდეს, ვიცოდე მეთქი რა და როგორ). ფოტოზე კარგად ჩანს.
ვთევზაობდი ორ წერტილში, მარცხნივ და მარჯვნივ. მარჯვენა წერტილში მქონდა: ქატო, კოპტონი, სენსასის კარასინი, სენსასის ფიშმილის პელეტსი 2მმ და ცოტა ჯისტრიმის კარასი. გავყავი და ნახევარი მოვზილე სენსასის ნივრის არომაში. ხოლო მეორე ნახევარი ავიღე და შევურიე საიდუმლო ინგრედიენტი 50/50-ზე და ცოტა დავამატე კარპზუმის წითელი ფერის დასაკვები: ჩილი, ნიორი, წიწაკა. დასაკვებს დაჰკრავდა მოწითალო ელემენტები. აი, ასე მივიღე მარცხენა წერტილის საკვებიც.
ამ დღეს ბევრნი ამოვიდნენ სათევზაოდ: მახო, ზაზა, გია, ორდენა. ისინი განლაგდნენ B ზონისკენ. დავიწყე დაკვება, ორივე წერტილი კარგად დავკვებე, მაგრამ ყურადღება უფრო მარჯვენა ნივრიან წერტილში მაქვს. ვიცოდი რომ კარჩხანა ჩუმად აიღებდა სატყუარას, ამიტომ გრძელი სადავე გავაკეთე - 110სმ. 15-20 წუთი ნოლი. მონტაჟს დიდხანს არ ვაჩერებდი წყალში, მაგრამ ვერაფერი. მერე გადავედი მარცხენა წერტილში და ბრახ! ჩარტყმის გარეშე ამოვიყვანე პირველი თევზი. აჰაა, საიდუმლო ინგრედიენტი თავისას შვება. გადავუგდე მეორედ, ვთევზაობ 40 თვლაზე. 2-3 თევზი შევმატე ჩემს ნადავლს. მახო მირეკავს ჩვენც ეგრე 3-4 თევზი გვყავსო. გასული იყო 1 საათი. გავაგრძელე ტემპში და თვლაზე თევზაობა. სწრაფად ამომყავდა კარჩხანები მარცხენა წერტილიდან. ცოტა რომ დათბა ბოლოს ორივე წერტილში მოდიოდა, თუმცა დილით იმავეს ვერ ვიტყოდი. 2 საათიანი თევზაობის შედეგად დავიჭირე 26 ღერი, როცა იქეთ ჰქონდათ ბიჭებს მხოლოდ 6-7.
შედეგიანი ვარჯიში იყო. გუნდელებისთვის უკვე რაღაც ინფო მომაქვს. რა თქმა უნდა, ფორუმზე პიონერი ვარ და ვდებ სასიხარული პოსტს, რომ კუმისზე თევზი წამოვიდა, რასაც მოჰყვა მახოს და ბიჭების შედეგიანი თევზაობაც და პირველი ტურის ადგილმდებარეობის არ შეცვლა.
ვიცოდი, რომ გიო და პაატა ერთად აპირებდნენ ვარჯიშს 22-ში, თან უკვე ჩვენს ახალ მე-4 წევრთან ერთად, ამიტომ ჩემი ინფორმაციები და მათი ვარაუდები კიდევ ერთხელ უნდა გატესტილიყო. დასაკვების შედარება, ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტი, გრძელი სადავე და ტემპი. 22-ში ოჯახთან ერთად სააღდგომო ვოიაჟში ვიყავი, როცა ბიჭებმა დამირეკეს, რომ სიტუაცია ცოტა შეცვლილია. ასპარეზზე შემოვიდა თაღლითა (უკლეიკა), დაგვემატა თავის ტკივილი. გიოს ჰქონდა იგივე დასაკვები, რითაც მე ვივარჯიშე წარმატებით წინა გასვლაზე, ხოლო პაატას ჰქონდა იასონას პრიკორმკა, ბისკვიტით და ვანილით. აღმოჩნდა რომ ორივემ თანაბრად დაიჭირა თევზი, მაგრამ წონაში გიომ წააგო, რადგან უმეტესი თაღლითა ჰყავდა. ვარჯიშებმა რაღაც დასკვნებამდე მიგვიყვანა და მოვემზადეთ კუმისის პირველი ტურისთვის. აქვე მინდა, დავამატო ჩვენი კოორდინატორის თემოს როლი, რომელიც თავიდანვე პასუხიმგებლობით მოეკიდა თავის საქმეს: შეისწავლა თავისი უფლება-მოვალეობები, გაეცნო გუნდის სტრატეგიას და იცოდა, რომ თავისი აქტიურობით გუნდს მხოლოდ კარგ შედეგებს მოუტანდა, რამაც ნამდვილად გაამართლა.
კუმისი 2017, 29-30 აპრილი
წელს უკვე სხვა გუნდი ვართ, უფრო შეკრული და გუნდური. შარშან დასაკვებს ყველა თავისას ვაკეთებდით, რაც შეცდომა იყო! წელს უკვე დასაკვებს საერთო ვარაუდებით და დასკვნებით, ასევე საერთო ვარჯიშებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ერთ საერთო ტარაში, რომელსაც ვყოფთ სამზე.
მიტომ დავიწყებ დასაკვებით, რომელიც დილით კენჭისყრამდე მოვზილეთ: არჩევანი გავაკეთეთ იასონას დასაკვებზე, სადაც სჭარბობს ტკბილი ბისკვიტი, რომელსაც დაემატა ვანილის დაფქვილი პეჩენია, საფანელი, კოპტონი და ეს მასა 50/50-ზე საიდუმლო ინგრედიენტთან. არომა ავიღეთ სენსასის ვანილი. ვფიქრობ, რომ ამ არჩევანმა გაამართლა პირველ დღეს, მოერე დღეს, უკვე როცა დაკვებილი იყო ზონები, დასაკვებს აღარ ჰქონდა აზრი. თუმცა, წელს კუმისზე, ჩემი აზრით, ტკბილმა არომატმა დასჯაბნა ნიორები და მძაფრი სუნები.
დღე I
მთლად განაპირა სექტორი ამოვიღე - A1. მახოს ვეკითხები, ბალახიანი ხომ არაა-მეთქი და არაო, ნუ გეშინიაო. მივედი, მართლაც გაკრიალებული ადგილია, მაგრამ რად გინდა, წყალქვეშა შავი წყალმცენარეები იყო ჩემს წინ, ზუსტად იქ, სადაც უნდა მეთევზავა. სიმძიმე ფსკერზე კარგად სრიალებდა, უპრობლემოდ, აი, ნემსკავი და საკვებურა კიდევ - ვერა. მაგ დღეს მონტაჟი არ გამომიტანია ბალახის გარეშე! და არცერთ ტურნირზე არ დამიკარგავს ამდენი თევზი, რაც მაგ დღეს. ყველაფერს აგიხსნით დეტალურად.
უკვე ვიცოდი, რომ უნდა მეთევზავა 10-11 მეტრში, თუმცა მომიწია კიდევ მეტრანახევრით წინ გასვლა. მონტაჟს ვაგდებდი ამ წყალქვეშა ბალახების (ბუჩქნარის) მეტრანახევრით იქეთ. ქვივერის დაჭიმვის და საკვებურას ვარდნის დროს, სატყუარა შენსკენ, მეთევზისკენ მოდის. მეც იმ ბალახებში მინდოდა ზუსტად, მაგრამ მთლად შუაში აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ზემოდან ვუგდებდი, რამაც გაამართლა. თევზი ზუსტად მაგ ბალახებში ტრიალებდა.
დასაკვები გითხარით, რაც შეეხება ძირითად შეიარაღებას (სათადარიგოს აღარ დავწერ, იმიტომ რომ არ დამჭირვებია, თუმცა გაშლილი მქონდა):
· ანკესი - Flagman Mantaray Elite Feeder, competition series, 3მ/50გრ
· კოჭა: Daiwa Freams 3000A
· ძირითადი ძუა: წნული Matrix 0.1 feeder sinking braid
· ნემსკავი: #15 საიდუმლოა
· სადავე: 0,117 Drennan, 0,128 Colmic, სიგრძე 110სმ
· მონტაჟი: ინლაინი საკვებურაზე გამყვანით
· საკვებურები: 28გრ ფიდერსპორტი, 20გრ გურუ, 15გრ ზარკალა
· სატყუარა: მხოლოდ ბუზის მატლი
ზონა დატვირთულია საკმაოდ ძლიერი სპორცმენებით, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. ბრძოლა ბოლომდე! გუნდურ ჩატში ყველა შევთანხმდით, რომ კუმისზე ჩვენი გეგმა მინიმუმი იქნებოდა საპრიზო სამეული, რაც შევძელით კიდეც.
მოკლედ, ნელა-ნელა განვალგე ჩემი აღჭურვილობა, წინა ოთხი ფეხით შევედი წყალში, მოვთავსდი კომფორტულად, წერტილები დავკლიფსე და ველოდები სტარტს. მეზობლად მყავს ძალიან მაგარი მეთევზე გიორგი კოპალიანი, იმის იქეთ კიდევ - ირაკლი ვარაზი.
სპეციალურად გაჩერებული მაჯის საათი საყვირთან ერთად მოვიდა მუშაობაში ზუსტად 10-ის 20 წუთზე. ყველა წამი მნიშვნელოვანია, ყოვლი წუთი ძვირფასია. ძალიან მინდა, რომ შედეგიანად ვითევზავო... მსუბუქი ტყორცნებით ზუსტად 10 საკვებური გავუშვი ჩემს წერტილში, აქედან ბოლო ორი კი - ჭიებით სავსე. თავიდანვე დავიწყე გრძელი სადავით და 2 ბუზის მატლით. რა ვქნა, მიუხედავად ახლო დისტანციისა წნულზე უარს ვერ ვამბობ, თან გრძელ სადავესთან კომბინაცია ძალიან მოქნილს ხდიდა ამორტყმას.
მე და ჩემი მეზობლები სტარტის სიგნალიდან მოყოლებული მაგრად „ვჭიდაობთ“, ოღონდ ეს ისეთი ჭიდაობაა, ჩუმი, წყნარი, მხოლოდ გული რომ ბობოქრობს და თვალით აკეთებ ილეთებს. თევზი თევზზე ამოგვყავს. მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ სტარტისთვის ჩემი შერჩეული ჭერის სტილი სწორი ყოფილიყო და თავიდანვე ტემპი მქონოდა, ეს ძლიან მნიშვნელოვანია. პირველივე გადაგდებიდან წამოვიდა კარჩხანა, თაღლითა იშვიათად მაწუხებს. შიგადაშიგ ვბუზღუნებ, ეს რა ბუჩქნარია, ნემსკავი და საკვებურა ბალახის გარეშე ვერ ამოვიღე-მეთქი! რასაც ქვია, თევზს ძალით ვაძვრენდი ამ ბალახებიდან. ამიტომ იყო რომ ბევრი თევზი დავკარგე საკმაოდ. სროლა შენს წერტილში... 30-მდე თვლა... რამდენიმეწამიანი დაყოვნება (აი, ამ დროს ჯდებოდა თევზი).... ამოკვრა და თევზი შენია.. შემდეგ ისევ თავიდან... ხანდახან არის ცრუ ჩარტყმები, ასევე დროს ვკარგავ ექსტრაქტორთან მუშაობაში (ღრმად ყლაპავდა). ვთევზაობ გურუს 20გრ-ნი საკვებურით, დასაკვებს ხშირად ვაძლევ. ჩემი ანალიზით, შეიძლება თავიდან კარგად დაკვებო, მერე თევზმაც ხელი შეგიწყოს და ცარიელი საკვებურით ითევზავო, მაგრამ საკვების არ მიწოდებით შიეძლება კენკვა გაგიჩერდეს მოულოდნელად, ვთქვათ, ბოლო 1 საათში. ამიტომ მცირე პორციებად მიწოდება უფრო სტაბილურს ხდის კენკვას და თევზის მოძრაობას იმ არემარეში ტურნირის ბოლომდე. კოორდინატორისგან მომდის ინფორმაცია, რომ ჩემი ზონის ბოლოებისკენ კარგად ვერ იჭერენ თევზს. უკვე ვფიქრობდი, რომ ზონაში სამეულში უნდა ვყოფილიყავი.... გაისმის სასტვენის ხმა და ირაკლი ვარაზი ისეთ კარჩხანას აბრუნებს წყალში, გული დაგწყდება ადამიანს, მაგრამ რესპექტ, ირაკლი!! წესები მარტო ფურცელზე კი არა, შენში უნდა ეწეროს!
თემო მეხმარება აწონვაში, გადმოვყარეთ თევზი პირდაპირ ასაწონ ტარაში. სიმონიჩი მეუბნება, რა გინდა, მეტი რაღა უნდა დაგეჭირაოო ))))) სასწორმა უჩვენა 2480გრ. გულში ვფიქრობ, ალბათ 4-ნი ან 5-ნი ავიღე-მეთქი. გვერძე გიოს აქვს 2150, ხოლოდ ირაკლის 2060. თემო გაუყვა მთელს ზონას და ხელით მანიშნებს ჯერ შენი წონა გადისო. ზონის ბოლოებში უფრო დაბალი წონები იყო და აღმოჩნდა, რომ ზონაში 1-ნი მაქვს. არ ვიცი, გამიხარდეს თუ მეწყინოს, ვიგრძენი სერიოზული ტვირთი, ოღონდ მართლა. ინტერესისთვის დავითვალე და 103 თევზი იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თევზი ძლიან კაპრიზობდა სხვა ზონებშიც და ჩემმა წონამ პირველი დღის ტურნირი მოიგო სულ რამდენიმე გრამით. ყველა მილოცავს, ბიჭები გაგიჟებულები არიან ჩემი შედეგით, გუნდურში მე-2 ადგილზე ვართ, რაც პაატას და გიოს მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია, მათაც დაბალი ქულები გამოიტანეს სექტორებიდან 4.5 და 5-ნი.... მე კიდევ ხვალინდელ დღეზე ვფქირობ უკვე.... ეს ერთიანი მაწევს ფსიქოლოგიურ ტვირთად...
დღე II
მე გიო, პაატა და თემო ტბაზე კენჭისყრამდე 20 წუთით ადრე შევიკრიბეთ და გავამზადეთ იგივე დასაკვები. ამ დღეს უკვე მერგო C ზონის 46-ე სექტორი. მეზობლად მყავს ნიკა ჯანაშია, დიმიტრი ჯარიაშვილი და სერგო კურგინიანი. მეგობრული ატმოსფერო სუფევს სექტორებში, ყველა ვემზადებით და ველოდებით სტარტს. ისე ზონა დატვირთულია უძლიერესი სპორცმენებით, როგორც იტყვიან დედა შვილს არ აიყვანს ხელში ))))))))
წინა დღისით პაატა იყო ზუსტად ამ სექტორში, მითხრა რომ 15 მეტრში ვითევზავე და ორივე მეზობელს ვაჯობეო. მე დავკლიფსე 12 მეტრი, მინდა დრო და მანძილი მოვიგო, დამიჯერეთ, 5 საათიანი გამუდმებული სროლის შედეგად ეს დიდ შეღავათს იძლევა. ძალიან ვნერვიულობ, დაბალი წყალია, გუშინდელ სექტორს არაფრით არ ჰგავს.
სიგნალის შემდეგ დავიწყეთ დაკვება. კურგენამ რამდენიმე წერტილი დაკვება, ნიკამ მოშორებით ასე 20 მეტრში, დიმამაც დაახლოებით იგივე მანძილი. პირველ ერთ საათში მე და კურგენა ერთნაირად მივდიოდით, მაგრამ მერე გამოიკვეთა მისი უპირატესობა. თავისებური თევზაობის სტილი აქვს სერგოს, არ კლიფსავს და ჭერისთვის რამდენიმე წერტილს იყენებს. კარჩხანა კარჩხანაზე ამოჰყავს, ძალიან წინ გაიჭრა. არც მე გავჩერებულვარ, თუმცა ჩემთან მხოლოდ წვრილი თაღლითა დგას, ასე 1/4-თან თუ გამოერევა კარჩხანა, ხანდახან მოზრდილი თაღლითაც მესტუმრება-ხოლმე. მკაცრად კარცხანაზე გადასასვლელად მოკლედ სადავეც ვცადე, მაგრამ არ გაამართლა, უფრო შესუსტდა კენკვა. შემდეგ კურგენასავით წითელი ჭია გავუკეთე და წამოვიდა კარჩხანა, მხოლოდ ჭია გამითავდა. ეს ჩემი შეცდომა იყო, წინა დღეს რადგან სულ თეთრზე ვიჭირე, ვიფიქრე, წითელი საერთოდ აღარ მინდა-მეთქი, ისიც პაატას გამოვართვი ერთი პატარა შეკვრა. წიტელმა ჭიამ რაღაცა წონა მომიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არაა, გვერძე ვხედავ რომ ნიკა ჯანაშია, ნელა-ნელა მაგრამ სტაბილურად მოჰყავს კარჩხანა, ჩემთან ისევ წვრილი თაღლითაა. მოვხსენი კლიფსა, წნული მივუშვი 2 მეტრი წინ და წავიდა ახალ დაუკვებავ წერტილში ბუზის მატლით. შიგადააშიგ მაინც ვაძლევ დასაკვებს. ბოლო ერთ საათში ისევ სტაბილურად ვიჭრე, თუმცა კურგენა საოცრებებს სჩადის. კენკვას არ აჩერებს, რომ გაუჭრდება წერტილს შეუცვლიდა, ხან ცოტა წინ, ხან უკან, ცოტა გვერძე, მაგრამ მოჰყავს და მოჰყავს მხოლოდ კარჩხანა! პირადი უკვე დავივიწყე და მხოლოდ გუნდზე ვფიქრობ, ვიცი რომ ეს ვწრილი თევზიც მცირე წონას მომიტანს, გაჩერება და ახლის ძიება აღარ ღირს. საყვირის შემდეგ სერგო მეუბნება, რომ კარგად კი იჭირეო, მაგრამ წვრილი თევზი გყავდაო, მე კიდევ წინასწარ მივულოცე ზონაში ერთიანი )))))
აწონვაზე ნიკა ჯანაშიას დააწყებინეს თევზის დათვლა, მისი ვარაუდით იქნებოდა ასე 70-80 თევზიო, ხოლო წონა გამოუვიდა 2კგ. მიუხედავად იმისა, რომ ტემპი არ დამიგდია, ჩემი წონა გამოვიდა მხოლოდ 1710 (გაშვებისას მერე დავითვალე და გამომივიდა 101 ღერი, იგივე როგორც გუშინ). კურგენამ 3800-ით დამსახურებულად აიღო ერთიანი. მეზობლებმა ღირსეულად მაჯობეს! გული მწყდება ჩემს შედეგზე, თავი არ დამიზოგავს, მაგრამ სასწორი ჩემს მხარეს ამ დღეს არ გადმოიხარა. კარჩხანას ვერ მოვერგე ამ დღეს, რაღაც არაკანონზომიერად იღებდა. დიმიტრიმაც ეგ მითხრა, უნდა გეპოვაო რა... მერე ჩემთვის ანალიზს, რომ ვაკეთებდი, ვიფიქრე, ჩემს დაკვებილზე შედარებით წვრილი თევზი დატრიალდა, ხოლო სერგო თითქმის ცარიელი საკვებურით სულ კარჩხანაზე იჯდა, შეიძლება ამანაც იმოქმედა-მეთქი.
მძიმე-მძიმედ დავიწყე აღჭურვილობის აშლა. ბიჭებზე ინფორმაცია არ მაქვს საერთოდ. დაღლილობამ ძალიან იმატა. ზონიდან ბოლოს გავდივარ ჩემი ავტომობილით. წვიმას ძლევს ჩემი ცნობისმოყვარეობა და წვიმაშივე გადმოვდივარ და ბიჭებს ვეკითხები რა ქენით-მეთქი? პაატას 2-ნი აუღია, გიოს 4-ნი. მაგრად გამიხარდა, უნიჭიერესი გუნდელები მყავს, ძალიან შეუპოვარი და მიზანმიმართული. ისინი აუცილებლად იტყვიან თავიანთ სათმქელს, დამიჯერეთ. გადახედეთ, ორივე დღეს ასე სტაბილურად გამოსვლა გამოცდილმა სპორცმენებმაც ვერ შესძლეს. მე მეორე დღეს 11-ნი ავიღე, მაგრამ ჯამში გუნდურში საპრიზოში ვხვდებით, თუმცა დარწმუნებულები არა ვართ ჯერ... )))))
შემდეგ ყველამ იცით, არტურმა ჩვენი გუნდი ოფიციალურად დაასახელა საპრიზო სამეულში, გადმოგვცეს სერთიფიკატები, მედლები, „ნდ“-ის მიერ დაწესებული პრიზები, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ა.შ.
დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს გუნდელებს პაატას და გიოს. ასევე ჩვენს კოორდინატორს თემოს და მის დაუღალავ მოძრაობას, არ გვტოვებდა უყურადღებოდ. შემდეგ ტურზე კიდევ უფრო მოუმატებს, ვიცი და ჩვენც უნდა ავყვეთ!! კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მეორე დღეს გამოცდილება არ მეყო, ამიტომ მხოლოდ წინ და წინ, ნელა ნელა, სპირალურად, მაგრამ მხოლოდ განვითარებისაკენ!
აი, ასე დაემატა TEAM NGF-ს სიგნატურაში მეორე მედალი )))))))
No comments:
Post a Comment