ნადარბაზევის ტბა 3/4–09.2016 – "საქართველოს თასი 2016" [ეტაპი 4]



მოგესალმებით მეგობრებო! რეპორტის დასაწერად იმდენი მუზა მომადგა რომ ჯოხით ვიგერიებ. არ გეგონოთ, რომ ჩემი ახალი სათევზაო ჯოხით ვიგერიებ, რადგან ისეთი ანკესი მაქვს რომ მაგისთვის ვერ გავიმეტებ. ყველა ტურნირი და ასევე ყველა ჩემი თევზაობა გავიარე კომპოზიტის ბიუჯეტური ჯოხებით, მიკადო, ტრაბუკო... რასაც ქვია „დუბინკა“, მაგრამ მათი ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველა დამწყებს ვურჩევ ამით დაიწყოს და მერე იყიდოს „ძვირიანი“, მაგრამ მე უკვე არ ვთვლი რომ ის თანხა რაც გადავიხადე ძვირია. მოკლედ გასული ტურნირების შედეგებიდან გამომდინარე და პრაქტიკიდან აშკარად საყიდელი მქონდა კააარგი ჯოხი. ჩემს თანაგუნდელს, ჩემს კაპიტანს, შალვას ჯოხების მეტი რა აქვს, ხოდა მომცა ერთ–ერთი საუკეთესო ჯოხი: Maver Abyss X Series 2pc 12 ft,  დამეთანხმებით მიკადოდან დიდი ნახტომია. ძალიან მაგარი ანკესია, მე დირიჟორის ჯოხი დავარქვი.




წალკის ტურნირის შემდეგ 2 თვე ისე გავიდა მხოლოდ ერთხელ ვიყავი სათევზაოდ, ხაშურში, კოდიწყაროზე, იქ გამოვცადე ჩემი ახალი ანკესი, უფრო გაცნობით ხასიათის გასვლა მქონდა ანკესთან, ძალიანაც არ ვიქნევდი. ერთი სიტყვით ნამდვილი თევზაობა მაგრად მქონდა მონატრებული, ძალიან დიდი სიხარულით ველოდებოდი 2 დღიან საქართელოს თასს, სავარაუდოდ კარგი სიმოვნება უნდა მიმეღო. ბოლო კვირის ორშაბათიდან დავიწყე მზადება, დასაკვები მარწყვის მინდოდა და ძლივს მივაგენი ერთგან, ძირითადი ბაზისთვისაც მოვიმარაგე საკვები, სატყუარები... სადავეები, ჩემს ბიჭებთან შალვასთან და პაატასთან გეგმებს და სტრატეგიებს ვაწყობდი, ერთი სიტყვით ყველანაირად მზად ვიყავი, ამ ყველაფრისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა დღის განმავლობაში სამსახურის და ოჯახის გამო, მაგრამ როცა საქმე ძალიან გიყვარს და დიდი სურვილი გაქვს რაღაც გააკეთო, წინ ვერაფერი დაგიდგება. 


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფიდერით თევზჭერაში - "საქართველოს თასი 2016" [ეტაპი 4]
ნადარბაზევის ტბა 3 – 4 სექტემბერი
ტური

პარასკევს ადრე დავიძინე, ძალიან მშვიდად ვიყავი და ასევე მშვიდად მეძინა, რაც მინდოდა ყველაფერი მოვაგვარე, მანქანაშია აღჭურვილობა, ამინდი კარგი გველოდება, განწყობა საკმაოდ ამაღლებული, მე ხომ 2 დღიან ტურნირზე მოვდივარ!

ანკესი: Maver Abyss X Series 2pc 12 ft
კოჭა: Shimano Hyperloop 4000
ქვივერი: 1 oz
ძირითადი ძუა: მონო 0.23 mm, maver dual band
სადავე:  0.16 მმ.  40სმ ტური (60სმ II ტური)
ნემსკავი:  Owner 50921 12 ნომერი
საკვებურა: Feedersport 42გრ
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + მარწყვის დასაკვები G-Stream + Carpzoom მარწყვი
სატყუარა:  ბუზის თეთრი მატლი
მონტაჟი: სპორტული

6:30 საათზე უკვე ადგილზე ვიყავი, პაატა იქ დამხვდა უკვე და შალვაც მალე მოვიდა, სტრატეგიებზე საუბარს არ ვეშვებოდით, უამრავ ინფორმაციას და შესაძლო სიტუაციებს განვიხილავდით, ისე როგორც იქცევიან სხვა „აღიარებული“ სპორტის სპორტსმენები (იმედი მაქვს ჩვენ სპორტსაც აღიარებს ჩვენი ქვეყანა). ვნახეთ ჩვენი მეგობრები, რომელთა დანახვაც ძალიან მიხარია ხოლმე. მივიკითხ–მოვიკითხეთ ერთმანეთი,  თუმცა სტრატეგიაზე არავინ საუბრობს. ჩვენი სტრატეგია იყო თავიდანვე წვრილი კარჩხანა, რას შეიძლება მეტი, თუ დიდი გვესტუმრებოდა ისიც არ უნდა გაგვეშვა ხელიდან, ამიტომ იყო რომ 0,16 იანი სადავე გადავწყვიტეთ და არა უფრო ნაკლები. ნემსკავიც შესაბამისად 12 ნომერი. დისტანცია ახლოს, მაქსიმუმ 25 მეტრი, ხშირი დაკვება და  არცერთი თევზის ხელიდან გაშვება. კენჭისყრის შემდეგ ამ სტრატეგიით გავემართეთ ჩვენ–ჩვენ ზონებისკენ.


ზონა A9 - პაატა
ზონა B26 -  შალვა
ზონა C38 - მე

             ზონა ყველამ ვიცოდით, რომ როგორც რთული ასევე იღბალთან დაახლოებული ზონაა და არცერთს არ გვინდოდა, მაგრამ გაგვეხარდა (ალბათ მარტო მე და შალვას) რომ ჩვენი გამოცდილი პაატა მოხვდა. და ზონა ჩვენ სტრატეგიასტან იყო ახლოს და ვთვლი რომ გამიმართლა.
            მივედი ჩემ ზონასთან და იდეალური ადგილია სათევზაოდ, დაჯექი–ისიამოვნე, მაგრამ სიამოვნება ნამდვილად შორსაა, ეს ხო ტურნირია და არავინ დაგინდობს (ამისთვის ყველას მადლობა). გავშალე აღჭურვილობა, მოვერგე სკამს კომფორტულად, გამოვიკვლიე ფსკერი და იყო ერთგვაროვანი ლამიანივით, მაგრამ არც ისეთი, ასე 20 მეტრში 30 ამოხვევაზე თითქოს რაღაც ორმოსავით ვიპოვე, მაგ ადგილზე სიმძიმე ჩერდებოდა და ერთიანად ხტებოდა. დავკლიფსე და დაველოდე სტარს. წინასწარ დაკვებაზე 7–8 საკვებურა გავუშვი.
სტრატი 10:00 საათი: 1 საათი ისე გავიდა ერთი თევზიც არ მყავდა, თუმცა არ ვნერვილობდი ჩემი მეზობლებიც უსაქმოდ ისხდნენ. მაგრამ საათის ბოლოსთვის მაინც მომასწრეს პირველი თევზის ამოყვანა. ჩემი პირველი ჩარტყმა ვერც გავიგე, რას გავიგებდი ამოვიღე და ნესკავზე ეკიდა 7 სმ–იანი თევზი, არც ვიცი რა ქვია. მაგრამ ჩავაგდე შესანახ ბადეში, ესეც იმიტომ რომ უთევზოდ ხო მაინც არ ვიქნები მეთქი. ... მააგრამ 11:00 საათზე მეწვია საოცნებო კარჩხანა, მეწვია და არც გასულა ჩემი ზონიდან, ვგრძნობდი, მაგრამ წვრილი და აქა–იქ დიდებიც (100 გრ). ტურის მანძილზე 3 ჯერ მომიწია ინტენსიური დაკვება, თითქოს მტოვებდა მაგრამ უკანვე ვაბრუნებდი სწრაფი დაკვებით. ერთი სიტყვით სტრატეგიას მივყვებოდი, ერთი პერიოდი ნემსკავი დავაწვრილე და 16 ნომერი გავუკეთე მაგრამ 12–ს უფრო იღებდა. ფინიშამდე გავაგრძელე ჩემი კარჩხანების ამოყვანა. რომ არა ჩემი ახალი ანკესი ნამდვილად ვერ დავინახავდი ჩაკვრებს ისე დელიკატურად იღებდა კარჩხანა. (ისე გაუსკდათ თავები მაგათ რაც ეგენი დელიკატურები არ არიან!) ხშირად ჩაკვრის გარეშე 40 წამში ამომქონდა და ზედ იჯდა ჯიგარი, შე კაი დედმამისშვილო რო შეჭამ წადი და გაქაჩე რა! არა! დგას და ელოდება კიდე მატლებს, ვითომ ის ხო შეირგო რა!

ფინიში 15:00 საათი: აწონვა,
ჩემი შედეგია: 60 თევზი (59 კარჩხანა + 1 სიფთა).
წონა: 2260 გრ.
ჭერის საშუალო ტემპი: 5 წუთი.

ისე აწონეს არავის შედეგი არ ვიცი მეზობლების გარდა, რომლებსაც ვაჯობე, ბოლოს მოვახერხე მსაჯის ფურცელში ჩახედვა და ვერ გავარკვიე რომელზე ვარ, არადა უმეტესობას ჩემზე ნაკლები აქვს! შალვას და პაატას ვნახულობ და ორივეს მე–7 ადგილი აქვს, ჩემი ადგილი წესიერად არ ვიცი სანამ მთავარმა მსაჯმა შედეგები არ გამოაცხადა, აღმოჩნდა რომ მე–2 ადგილზე ვარ ზონაში!!! ეს ჩემი საუკეთესო ადგილია რეიტინგულ ტურნირებში! გაოცებულ–გახარებულ–გაკვირვეულ–დაბნეულ–აჟიტირებული ვიყავი. ჩვენი გუნდი NGFმეოთხე ადგილს ვიყოფთ 16 ქულით FF-თან. ჩემმა 2 ქულამ საკმაოდ ამოგვწია ზემოთ. დავიშალეთ, მეორე დღისთვის უნდა დაგვესვენა. სულ ფრენა–ფრენით წავედი სახლში. უცბად მოვამზადე მეორე დღისთვის რაღაცეები და მალევე დავიძინე. მაგრაამ სადაა ძილი?! 3 ჯერ გამეღვიძა.

II ტური

მეორე დღე რთულად დაიწყო, ავდექი და ვეძებ ჩასაცმელს, ფორმას, შარვალს, ქუდს. სადაა? თან ჩუმად ვეძებ, არ მინდა გავაღვიძო ბავშვები. ყველამ იცის რომ მე მეორე დღესაც მივდივარ და როგორც წესი ყველაფერს გამზადებულს მახვედრებენ, მაგრამ არაა... ბოლო–ბოლო მივაგენი ჩემს ფორმას ნახევრად სვეეელს, გავგიჟდი! ვიღაცას შეუგდია სარეცხის მანქანაში და გამირეცხაა, (ვინ დაავალა?!) დღესაც ვარკვევ ვინ შეაგდო, არ მეუბნებიან. მოკლედ დავაღვიძე ყველა, უკვე გადამეკეტა, მეუბნებიან ნახევრად სველზე რომ ნახევრად მშრალიაო, ერთი და იგივეა მარა სხვადასხვა მხრიდან ვუყურებდით სიტუაციას. უთოთი გამიმშრალეს და ჩავიცვი მარტო ზედა ფორმა. მთელი გზა დაგრუზულმა ვიარე ამის გამო, უეჭველი დავითარსე. ამ ყველაფრის მიუხედავად მეორე მივედი ტბასთან და მარტო ჩვენი პაატა და მე, პირველები ვართ, შალვაც მალევე მოვიდა რუსთაველებთან ერთად. მოვიდა თუ არა დავიწყეთ სტრატეგიაზე საუბარი, წინა დღის მერე ბევრი რამე გაირკვა. მოკლედ, ზონა არავის გვინდა, ისევ პაატას ვიმეტებთ საუბრებში მკვლელი სექტორისთვის. ვინც მოხვდებოდა ზონაში გეგმა ესეთი იყო რომ უნდა ეთევზავა 45–50 მეტრში, ტკბილი დასაკვებით, მიზან მიმართულად კარჩხანაზე და ასევე ამურებიც უნდა დაეჭირა რამოდენიმე, მარტო ამურზე დევნა არ გამოდგებოდა. და ზონის ტაქტიკა იგივე იყო რაც ჩემი და შალვასი წინა დღეს, 20 მეტრში სწრაფი ჭერა კარჩხანაზე. ასევე ვფიქრობდით რომ ხუთეულში თუ მოვხვდებოდით კარგი შედეგი იქნებოდა.

კენჭისყრის დროს სულ ბოლოები ამოვედით და რაც იყო დარჩენილი სექტორები ის შეგვხვდა, არ მესიამოვნა. შალვამ ამოიღო თავის წინა დღის ზონა B, დადგა ჩემი ჯერი თუ ჩემი ამოვიდოდა, გამოდის რომ წინა დღის ზონები გვაქვს სამივეს, რაც ჩვენი გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ჩემი ზონაა A, სექტორი 13 (ცამეტი ჩემთვის ბედნიერი რიცხვია ამ რიცხვში ვარ დაბადებული). მოკლედ ავიყარე გუდა–ნაბადი და მივედი ჩემს სექტორში, ამ დროს წელი უკვე საშინლად მტკიოდა. ძლიერი და ცივი ქარი პირდაპირ მირტყამს წელზე. ზონა ძალიან დატვირთულია ძლიერი სპორტსმენებით, ძნელია მათ აჯობო მაგრამ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ვფიქრობდი მხოლოდ ჩემს ტაქტიკაზე და გეგმებზე.
აღჭურვილობის გაშლა ძალიან გამიჭირდა წელის ტკივილის გამო, მხოლოდ სკამზე დამჯდარს არ მტკიოდა, ანუ წინა დღეს რა პოზაშიც ვიჯექი და გამიცივდა მხოლოდ იმ პოზაში არ მტკიოდა. ვისროლე 60 ამოხვევაზე, დაახლოებით 45 მეტრია, გამოვიკვლიე და დავკლიფს სასურველ ადგილზე, ვიცი რომ ამ ზონაში წყალი დაბალია და შორს მაგიტომ გადავწყვიტეთ.
დაიწყო დაკვება, ყველამ დაიწყო ახლოს დაკვება, ასე 20 მეტრში, ჩემმა მეზობლებმა და რამოდენიმემ ვისაც ვხედავდი, მხოლოდ მე ვისროდი შორს, გამიკვირდა მაგრამ არ გადავუხვიე გეგმას, 8–9 საკვებურა ვისროლე, აღჭურვილობაში ყველაფერი იგივე მქონდა, მხოლოდ სადავე გავზარდე 60 სმ.

სტარტი 10:00 საათი: ვისროლე და მალევე ამოვიყვანე კარჩხანა, კიდევ ვისროლე და კიდე ამოვიყვანე, ავეწყე კარგად, მაგრამ ეგაა ძალიან შეუმჩნეველი იყო ჩაკვრები, ბევრი 30 თვლაზე ამომყავდა, მაგრამ ჩემ მეზობელს ამური დაუჯდა მალევე სტარტიდან 15 წუთი ახლო დისტანციაზე 20 მეტრში, მე მაინც ვაგრძლებ 45 მეტრზე სროლას და კარჩხანების გამოყვანას, ახლა ჩემს მეორე მეზობელს დაუჯდა თეთრი ამური, თან ერთი, მერე მეორე! თან ისე რომ ალაგ–ალაგ კარჩხანებითაც ავსებენ შესანახ ბადეს, ჩემგან შორს სექტორებშიც ამოყავთ ამურები ვხედავ, ჩემთან არ მოდის! მე მაინც ვაგრძლებ ჯიუტად შორს და კარჩხანებს. ძალიან წვრილი მოდის გუშინდელზე წვრილი, ახლოშიც ვცადე ამოყვანა მაგრამ ცოტა დაიგვიანა ჩაკვრამ, ამ ექსპერიმენტებში შორ დისტანციაზეც დავკარგე ჩემი კარჩხანები. მოვაბრუნე ინტენსიური დაკვებით და საკვებურაში წითელი ჭიის ჩაკეპვით. გავაგრძლეე 12 საათამდე სტაბილურად კარჩხანები, 100 გრ–იანებიც გამოერია რამოდენიმე, არ ჩანს ამური, არადა კიდევ დაამატა ჩემმა მეზობელმა ამური სათვალავს.


ავდექი და გავრისკე, ვიფიქრე 10 წუთი ვცდი ახლო დისტანციაზე ამურზე, დავაყენე სიმინდი და გადავაგდე იმ დისტანციაზე სადაც გვერდზე სპორტსმენები კვებავდნენ. ეს იყო ჩემი შეცდომა, არ უნდა გადამეხვია გეგმისთვის ძალიან ვინანე რადგან არც ამური დამიჯდა 10 წუთში და კარჩხანაც დავკარგე ახლოსაც და შორსაც, ზუტად ერთი საათი მოვუნდი თევზი ჩემ სექტორში რომ შემომეყვანა, ერთი საათის მანძილზე მხოლოდ 3 კარჩხანა დავიჭირე, ერთი საათის მერე როცა უკვე დაკეპილი ჭიით და ასევე თეთრი ჭიით რომელეთაც საკვებურში ვტენიდი, მოვიჩვიე როგორც იქნა და გავაგრძლე ისევ სტაბილურად, მაგრამ წელიიიიი საშინლად მტკივა. შეგრძნება მაქვს  რომ სპორტსმენი ვარ და ტრავმა მაწუხებს :)
ხოოდა ამ გაგანია კარჩხანების ჭერაში ვარ და გაისმა სანატრელი ფრიქციონის ხმა, მოვიყვანე და უპრობლემოდ ჩავაბრძანე ჩემი ამური შესანახ ბადეში, ესეც ასე. გეგმას მივყვები, მაგრამ სხვებს უფრო მეტი ყავთ, მე ეს ამური ვერ მიშველის.


ისევ კარჩახანა, ისევ შორი დისტანცია, ერთი პერიოდი დავკარგე კიდევ ეს უნამუსო, მაგრამ ინტენსიური დაკვებით და ბოლო წითელი ჭიის ჩაკეპვით ისევ მოვაბრუნე. ფინიშის ბოლომდე გავაგრძელე ჭერა ტემპში, დიდებიც არის (100 გრ თუ დიდია, კი). ორივე დღის მანძილზე არცერთი საკვებურა გატენვის გარეშე არ გამიშვია. როგორც კი დამთავრდა ეგრევე მოვკიდე ჭიებს ხელი და გადავყარე, მეზიზღებოდა უკვე.


როგორც იქნა დამთავრდა, მაგრამ ვეღარ ვდგები L სკამის ფორმა მაქვს მიღებული, ვერ ვსწორდები, წელი ძალიან მტკივა. ესეც შენი ზონა, საშინელი, ოპროგნოზო, გამართლებადი. გონზე არ ვარ რა ხდება...

ბოლოს წინას მომიწია აწონვა, ვკითხულობ რა წონებია, მახო და თენგო ლიდერობენ, არ გინდა ახლა მაგათ გადაასწრო?! ჩემი ერთი ამური ავწონეთ და 240 გრ. დავიწყე თვლა თევზის და ავცდი ორმოცდაათს, მაგრამ კიდე ბევრია ჩემი თევზი ჯერ დასათვლელი, 60, 70, 80(!) გადავცდი 80, ამ დროს მახოს (NGF ოფიციალური ნათლია) ხმა მესმის ზონა მოიგოო!!! გავითიშე, გავვოცდი, გადავირიე მაგრამ შევეცადე ემოციები არ გამომეხატა, ყველამ მიმილოცა გულით, დარწმუნებული ვარ ყველას უკვირდა, ყველაზე მეტად მე მიკვირდა, რადგან როცა ზონაში გყავს, მახარაშვილი, ბინიაშვილი, გეგეჭკორი, დალაქიშვილი  და ყველა სხვა ღირსეული სპორტსმენი ძნელია დაიჯერო რომ ზონაში პირველ ადგილზე ხარ! გაამართლა გუნდის სტრატეგიამ, გაამართლა ჩემმა შემართებამ. შედეგი მოლოდინზე მეტია. წელის ტკივილი აღარ მახსოვს.

ჩემი შედეგია: 84 თევზი (1 ამური + 83 კარჩხანა)
წონა: 2810 გრ.
ჭერის საშუალო ტემპი: 3.57 წუთი. (ჯერჯერობით ჩემთვის საუკეთესო)

ახლა უკვე ჩემებისკენ გამირბის გონება, ნეტა რა ქნეს?! გავვარდი ეგრევე შალვასკენ და გახარებული მოდის ჩემსკენ, მანქანიდან ძლივს გადმოვედი, უხარია რაღაც მგონია რომ ჩემი 1 ადგილი გაიგო და ის უხარია მეთქი და მეუბნება მესამეზე გავედიო!!!! კიდევ ერთი სასწაული თუ გინდა აი ეს არის, და ახლა ვფიქრობ ჩემი ამბავი როგორ ვუთხრა მეთქი, რომ ვუთხარი 1 იანი მაქვს ისე შემომეხვიადა წელზე შემომარტყა ხელი, რომ გამასწორა ეს სკამის ფომა მიღებული კაცი J ესეც 4 ქულა, ძალიან ახლოს ვართ საპრიზოსთან, ახლა პაატას ამბავი მაინტერესებს, მივედი ზონაში და მე–6 ადგილი აქვს! ძალიან კარგია, ძალიან. ჩვენი ამბავი ზღაპარი გონია. 10 ქულა გუნდური მაგარი შედეგია....

...შედეგების გამოცხადება ძალიან გაიწელა, უსაშველოდ. ამ დროის მანძილზე 1000–ჯერ გადავითვალეთ ქულები, შესაძლო პრიზიორები, არა აშკარად გუნდი საპრიზოზე ვართ. ამ დროს შალვა მეუბნება, შენ მემგონი პირადში მეორეზე ხარო, აიი სასწაული! (ამაზე არასდროს მიფიქრია, მხოლოდ გუნდურ შედეგზე ვფიქრობდი).

დაჯილდოვება:
პირად პირველობაში:
III ადგილი – თენგიზ ბინიაშვილი – 6 ქულა
II ადგილი – მე!!! /გიორგი გოგალაძე/ – 3 ქულა
ადგილი – ვლადიმერ ზარკალიანი – 2 ქულა



არ მჯერა, იმ ხალხის შორის ვდგავარ, რომლებიც უკვე დიდი სპორტსმენები არიან და ყოველთვის პატივს ვცემდი. თენგო და ლადო ყველამ იცის ვინც არიან და რა შესაძლებლობები აქვთ, ბოლო–ბოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და წევრები არიან.

ლადო რეიტინგებში 1–ელ ანკესათაა განთესილი თენგო კი მე–5 ანკესად :) მე უკვე ამ შედეგების მერე 1 წლიანი რეიტინგით მე–12 ანკესათ ვარ განთესილი (მომწონს ეს ტერმინი, დავამკვიდროთ)

გუნდურ პირველობაში:
III ადგილი – ჩვენ! – New Genaration Feedermen – 26 ქულა
II ადგილი - Smart Feeder – 26 ქულა
ადგილი –  Only Feeder - 22 ქულა





Only Feeder პირველივე ტურში ქონდა თითქმის განაღდებული ადგილი, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენზე და სმარტებზე, უზომოდ გახარებულები ვართ! მივაღწიეთ იმ შედეგს რასაც არ ველოდებოდით, ეს მონდომების და საქმის დიდი სიყვარულის დამსახურებაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ჩვენ და სმარტებს ერთანირი ქულები გვაქვს, მხოლოდ 400 გრ–ით გვაჯობეს.

1 წლიან რეიტინგებში NGF მე–7 ადგილზე ვართ, ეს ძალიან მაგარი შედეგია ახალი გუნდისთვის. მითუმეტეს მაშინ, როცა სეზონის დასაწყისში გეგმა გვქონდა ათეულში შესვლა.






სეზონი დაიხურა, ველოდებით ახალ სეზონს!!!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის ფედერაციას, იმ გაწეული შრომისთვის, რაშიც მთელ გულს და სულს დებენ, ეს დასაფასებელია. დიდი მადლობა მსაჯებს, რომლებიც არ გვაძლევენ მოდუნების და შეცდომების დაშვების საშუალებას, მადლობა რომ საერთაშორისო წესებით ხდება ყველაფერი, ჯარიმებიც ყოფილა, არ ვიცი ვინ დააჯარიმეს, მაგრამ გამეხარდა, ზოგადად წესრიგი აუცილებელია. თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ ეს ასეც უნდა იყოს.
თევზაობის დროს ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ :)

დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ დიდი რეპორტისთვის, ჯერ ერთი რომ მუზები დავაწყნარე და გავუშვი, და მერე მეორე, მინდა პოპულარიზაცია გავუწიო ამ ყველაფერს, რადგან რომ ვიხსენებ როდის დავიწყე ეს ყველაფერი და საიდან, ნამდვილად ღირს იმის თქმა, რომ ყველაფერი გამოგივა რაც გულით გინდა. აქვე მინდა ყველა დამწყებს ვურჩიო, ნუ ყოყმანობენ ასეთი ნაბიჯების გადადგმას, მოვიდნენ აქ ჩვენთან და ყველაფერი გამოუვათ. ბევრად მეტია ეს ვიდრე უბრალოდ „თევზაობა“.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენმა ლოგომაც ევოლუცია განიცადა :)

p.s. ამ ორ დღეში 2 კილო დავიკელი.

გიორგი გოგალაძე
New Generation Feedermen
ახალი თაობის ფიდერმენები

15 comments:

  1. Shalva_NGF
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    996 posts
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 10:35
    გიო, მაგარი ხარ!! საქართველოს თასზე როგორც მაგრად გამოხვედი, ისეთივე მაღალი დონის რეპორტია ❤❤

    ReplyDelete
  2. GigaG
    აქტიური წევრი

    Administrator

    2090 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 10:44
    ვაა, ვააა გიოო! ძალიან მაგარი რეპორტია. ამას ვამბობდი - ახალი გუნდების და სპორტსმენების საპრიოზები უფრო მაგრად მახარებს, ვიდრე ძველების მეთქი! რაც შენ სიხარული ნახე და რაც თქვენმა გუნდმა მოტივაცია მიიღეთ, ეგეთს ეხლა ზარკალიანი და ონლი ფიდერსი ვეღარ მიიღებს. ალალია ძმაო თქვენი გამარჯვება, ძალიან სწორი და ლოგიკური სტრატეგია გქონდათ და შედეგმაც არ დააყოვნა! თქვენი ენთუზიაზმით და მონდომებით (ჭკუაც გიჭრით და დასკვენსაც სწორად აკეთებთ) დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ერთერთი საუკეთესო გუნდი იქნებით, პროგრამა მინიმუმი ტოპ10ში მოხვედრა დაისახე ეხლა შესარჩევზეც გიხილავთ ;) აბა თქვენ იცით, ძალიან მიახრია თქვენი წამრატება და ეგრე გააგრძელეთ!

    ReplyDelete
  3. jio
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    145 posts
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 10:50
    გილოცავთ მეგობრებო მართლა მაგარი სეზონი გქონდათ.წარმატებები

    ReplyDelete
  4. Gia Chit 74
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    1584 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 11:11
    ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ გიორგის პოსტებს ,ნუ რა ვიცი ,ვიდეოს ყურებაზე უფრო მითრევს და სასიამოვნო და საინტერესო წასაკითხია,მეც მახსენდება ტურნირის ისა თუ ეს მომენტები ,დაშვებული შეცდომები ან და პირიქით .ერთს ვიტყვი რომ ის მიხარია და ვხედავ რომ სხვებსაც მართლა გულით უხარიათ და ულოცავენ ახალბედებს და ძველებსაც წარმატებებს ,ეს არის მთავარი .კიდევ ეთხელ ვუსურვენ NGF-ს წარმატებებს ,ასეთი გამიზნული და სწორი სტრატეგიით ,დაუზარელი შრომით და დეტალებზე დაკვირვებით ყველაფერს მიაღწევთ ბიჭებო .უკვე მიაღწიეთ კიდეც ,მაგრამ მე უფრო მეტს გისურვებთ !

    ReplyDelete
  5. Doqtor
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    412 posts
    ადგილმდებარეობა
    tbilisi
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 11:20
    ყოჩაღ გიო..კარგი კაცი ხარ, კარგი მეთევზე და არაჩვეულებრივი თბილი გუნდი გყავს..
    კიდევ ერთხელ გილოცავ(თ).და შემდგომშიც ბევრი მომელოცოს.!!!!
    რაპოორტ სუპერ👍👌

    ReplyDelete
  6. ikafisher
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    164 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 11:29
    კარგი კაცი ხარ გიორგი! რეპორტების წერაც მაგრად გამოგდის და თევზაობა ხომ საერთოდ. თქვენი გუნდის წარმატება ძალიან მიხარია და ყოველთვის გამეხარდება მომავალშიც. გაიხარეთ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ მომავალ სეზონში :)

    ReplyDelete
  7. Zurabi-Mereklishvili
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    942 posts
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 11:31
    კარგი პოსტია გიორგი და მართლაც დიდი ემოციები ეტყობა შენს პოსტსაც. რამის მეც დავიკელი ერთი კილო :-)) კარგი იქნება თუ ახალი და დამწყებითი გუნდებიც თქვენ მოგბაძავენ ;-))
    You and simonichi-ს მოეწონა ეს
    Smart Feeder Team

    ReplyDelete
  8. paata 540
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    818 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 11:45
    გიო ყოჩაღ. როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი რეპორტი :)

    ReplyDelete
  9. ozera
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    891 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 12:13
    გიო მაგარია ყოჩაღ,
    ახლა კი სვულმოუთმენლად ველოდებით პაატას რეპორტს:)

    ReplyDelete
  10. david82
    წევრი

    Members
    PipPip
    81 posts
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 13:34
    კიდევ ერთხელ გილოცავ გიო, მთლიანად შენს გუნდს და ასევე მინდა ფიდერის ფედერაციას მივულოცო. თქვენი წარმატება და ყველა ის შედეგი რაც მიღწეულია მათ სწორი და ეფექტური პოლიტიკის ნაწილია, ასევე თქვენს გარეშე (ყველა სპორტსმენს ვგულისხმობ) არაფერი გამოვიდოდა და მოკლედ საჭირო ხალხი საჭირო ადგილზე მოხვდით. სამწუხაროდ წელს ერთად თევზაობა არ გამოგვივიდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა (კარპფიშინგის და ფიდერის შეხმატკბილებული თევზაობა), მაგრამ მომავლის იმედი ხომ სულ გვაქვს და იქნებ გაამართლოს კიდეც :)

    ReplyDelete
  11. ლიფსიტა
    აქტიური წევრი

    Spinning_Moderator

    606 posts
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 13:47
    ყოჩაღ მეგობრებო.გილოცავთ!

    ReplyDelete
  12. BABUKA_17
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    435 posts
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 15:02
    ყოჩაღ გიო,მაგარი რეპორტია,იწვალე იშრომე და დაგიფასდა კიდეც,ტაკ დერჟატ

    ReplyDelete
  13. simonichi
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    685 posts
    პოსტი დაწერილია 07 09 2016 - 23:50
    მოკლეთ, გონში ვერ ჩამაგდეს სანამ ბოლომდე არ წავიკითხე, ძალიან გამიჭირდა პასუხის გაცემა სანამ დავამთავრე წაკითხვა, ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე. ყოჩაღ გიო, ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. კიდევ ერთხელ გილოცავ შენ და შენს გუნდს ამ საპრიზო ადგილის დაკავებას. :)

    ReplyDelete
  14. maxo06
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    2164 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 08 09 2016 - 01:06
    გიო-----მე რომ მიხარია შენი და თქვენი გუნდის წარმატება,მგონი ეს იცით.
    ძალიან რომ მიხარია იმ გუნდის წარმატება რომლის შეკვრაშიც რაღაცა წვლილი შევიტანე ესეც იცი.
    დებედაზე რომ ჩემ გუნდში გამოხვედი-ეხლა ყველა დარწმუნდება რომ მე შენზე შემთხვევით არ გამიკეთებია აქცენტი.
    მოკლედ ძალიან ბევრი კარგი რამე მოხდა თქვენი გუნდის დაბადებით და წარმატებით.
    ეხლა გაიხსენოს ყველამ ჩემი სიტყვები სეზონის წინ რომ დავწერე---ნახავთ ეს გუნდი რა ამბებს დაატრიალებსმეთქი და აჰა-ისე აგიხდათ ყველაფერი.
    მოკლედ ძალიან მიხარია თქვენი დამსახურებული წარმატება.
    მომავალი სეზონი თქვენი საპრიზო ადგილების გარეშე რო აღარ ჩაივლის-ესეც კარგად ვიცი უკვე.
    რაც შეეხება შენი წერის ემოციურ და გულიან მანერას-----გიო წერე ბევრი ითევზავე და ყველაფერი წერე-ისე მაგრად გამოგდის აფსუსი იქნება მარტო ტურნირების აღწერებით რომ შემოიფარგლო.თუმცა ამ ემოციებს მხოლიდ ტურნირები თუ შეგაგრძნებინებს.

    აბა შენ იცი გიო.მიხარიხარ ასეთი კარგი კაცი და კარგი მეთევზე რომ ხარ ჩვენთან.

    ReplyDelete
  15. redhothevi - გიორგი გ.
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    392 posts
    0 გაფრთხილება
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 08 09 2016 - 10:19
    მადლობა ბიჭებო თბილი სიტყვებისთვის. მაგარი ხალხი ხართ ყველა, ეს ასე როა ამიტომ ვარ ასეთი გახსნილი და ბედნიერი ამ სფეროში, ეს ყველაფერი იმიტომ მომწონს და მიტაცებს , რომ თქვენ თანადგმას ვხედავ ყველგან, მოკლედ ერთი ოჯახი ვართ და ეს შეგრძენა მაკეთებინებს ყველაფერს :)

    ყველაზე მეტად იმას ვცდოლობ და ის მინდა რომ პოპულარიზაცია გავუწიო ამ ყველაფერს და მეტი ხალხი დავაინტერესო ამით. ახალგაზრდები, ახალი თაობა :)


    ეს მახოს ის პოსტია რაზეც საუბრობდა :)

    ესეც მაგარი პოსტია :D

    ReplyDelete